როგორ დაინერგა GWP-ში ყოვლისმომცველი ERP-სისტემა?
ტექნოლოგია ვითარდება და ქართული ბიზნესიც დროსთან ერთად ცვლილებებთან ადაპტირდება. ქართული ბიზნესის ტრანსფორმაციის პროცესში Proxima Solutions-ს დიდი წვლილი მიუძღვის, რომელსაც მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის და მასშტაბური პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
Proxima Solutions-ის დამფუძნებლის, თენგიზ ამურველაშვილს შეფასებით, კომპანიის პორტფელში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი GWP-ის უპრეცედენტო მასშტაბის ტრანსფორმაციას უკავშირდება, რომელმაც არა მხოლოდ Georgian Water and Power-ს, არამედ მთელ ინდუსტრიას ახალი სტანდარტები დაუწესა.
ამ ამბის მოყოლა 2014 წლიდან უნდა დავიწყოთ, რომელიც Georgian Water and Power-ისთვის გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა. კომპანიის მენეჯმენტმა თამამი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ და GWP-ის სრულმასშტაბიანი ციფრული ტრანსფორმაცია გადაწყვიტა. ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად GWP-ს სანდო პარტნიორი სჭირდებოდა — ექსპერტთა ისეთი ჯგუფი, რომელსაც ექნებოდა ცოდნა, გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. აი, სწორედ ასეთი პარტნიორი აღმოჩნდა მისთვის Proxima Solutions-ი, რომელმაც ეს პროექტი წარმატებით განახორციელა, რის შედეგად, GWP-მ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა შეძლო.
"ჩვენს თავს დავუსვით მარტივი შეკითხვა: როგორ შეიძლება გავხდეთ ჭეშმარიტად თანამედროვე კომპანია, რომელიც ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს? პასუხი ერთი იყო — ყველაფერი უნდა შეგვეცვალა და კომპანია უნდა გაგვეციფრულებინა. დახმარებისთვის სწორედ ამიტომ მივმართეთ Proxima Solutions-ს", – იხსენებს GWP-ის სისტემების განვითარების ოფიცერი, ავთანდილ ძაბირაძე.
პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, Proxima Solutions-მა GWP-ს ბიზნესის მართვის სრულიად ახალი მიდგომა შესთავაზა — მსოფლიოში აღიარებული Microsoft Dynamics AX-ის ERP-ეკოსისტემა, რომელიც ძირითადთან ერთად, დამატებით ფუნქციონალს მოიცავდა და ბიზნესის საქმიანობისათვის საჭირო ყველა ფუნქციონალს აერთიანებდა.
პირველი ფაზის განმავლობაში, რომელიც ოთხი თვე გაგრძელდა, GWP-ში საბაზისო მოდულები დაინერგა, მათ შორის: ფინანსური აღრიცხვა, შესყიდვები, მარაგები, კრედიტორების აღრიცხვა, RS.GE-სთან ინტეგრაცია და HR. ამ ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, Proxima Solutions-ის გუნდი დარწმუნდა, რომ სწორ გზაზე იდგა. მეორე ეტაპზე უკვე ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები გაციფრულდა, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ხელფასები, ქოლცენტრი, დოკუმენტბრუნვა, მარეგულირებელთან, ანუ სემეკთან ციფრული ურთიერთობა და აქტივების აღრიცხვა.
"GWP-ის აქტივების აღრიცხვა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. ამასთან, არაერთი მოდულის ნულიდან შექმნა მოგვიწია და თან ზოგიერთი მათგან აქამდე საქართველოში არავის ჰქონია, მათ შორის იყო: ბილინგი და დოკუმენტბრუნვა, რომელიც სემეკთან არის ინტეგრირებული, რაც კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია", – ამბობს, Proxima Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ხაბეიშვილი.
საერთო ჯამში, მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, Proxima Solutions-ის გუნდმა GWP-ში 30-ზე მეტი მოდული დანერგა, რის შედეგად, Georgian Water and Power-ი თანამედროვე, გაციფრულებულ კომპანიად გარდაქმნა, რომელიც თავისი ERP-სისტემის მეშვეობით ყოველდღიურად ასიათასობით მომხმარებელს ემსახურება.
"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩანაწერი — სერვისის გაუმართაობიდან დაწყებული, ინციდენტების მართვით დამთავრებული, ერთიან ციფრულ სისტემაში იყოს მოქცეული. ეს გვეხმარება უფრო სწრაფად ვუპასუხოთ ჩვენს მომხმარებლებს და უფრო ეფექტიანად ვმართოთ პროცესები. ამჟამად GWP-ის საქმიანობის ყველა ასპექტი ერთ სისტემაშია თავმოყრილი: რა, როდის, ვინ უნდა გააკეთოს, სადამდე მივიდა პროცესი, როგორია ფინანსური მაჩვენებლები — ყველაფერი ერთად ჩანს, რაც კომპანიის საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ERP-სისტემის დანერგვის შედეგად მიღებული სარგებელიც მარტივად შესამჩნევია: ეფექტიანობა გაიზარდა, ბიუროკრატიული პროცესები გამარტივდა და ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხი გაუმჯობესდა”, — აცხადებს GWP-ის სისტემების განვითარების ოფიცერი.
აღსანიშნავია, რომ ERP-სისტემამ არსებითად გააუმჯობესა რეპორტინგის ხარისხი როგორც მარეგულირებელთან, ასევე მენეჯმენტთან და ინვესტორებთან. მოგვიანებით, 2022 წელს, GWP-ის შესყიდვით ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია — Aqualia დაინტერესდა, რომელიც ჯერ კომპანიის აქციონერი გახდა, მოგვიანებით კი მისი 100%-იანი წილი შეიძინა. ეს კი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება იყო.
ამასთან, ეს პროექტი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ Microsoft-ს მისი პარტნიორის ასეთი წარმატება არ გამორჩენია და მან ორი ქართული კომპანიის თანამშრომლობის შესახებ საქართველოში ვიდეორგოლი გადაიღო და ასე, Proxima Solutions-ის შესაძლებლობები Microsoft-მა მთელ მსოფლიოს გააცნო.
"როცა ასეთი სირთულის დავალებას ასე სწრაფად და ეფექტიანად ასრულებ და თან ეს თავად Microsoft-ის გაოცებასაც იწვევს, მაშინ, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქმეს ნამდვილად კარგად აკეთებ", — ამბობს Proxima Solutions-ის ხელმძღვანელი.
რაც მთავარია, Proxima-სა და GWP-ის თანამშრომლობა დღემდე წარმატებით გრძელდება — სისტემა იხვეწება, პროდუქტი ვითარდება და საჭიროებების მიხედვით მას ახალი მოდულები და ფუნქციონალი ემატება. ეს კი იმის გარანტიას იძლევა, რომ GWP-ის გუნდი ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას და ახალ გამოწვევებთან გამკლავებას მომავალშიც აუცილებლად შეძლებს.