Proxima Solutions-მა Odoo-ში Signify-ის მოდული ჩააშენა

დღევანდელ ციფრულ რეალობაში, სადაც დრო ფულია, ხოლო სისწრაფე უპირატესობა, დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერა არის არამხოლოდ კომფორტი, არამედ აუცილებლობა. ამიტომაცაა, რომ Signify-ის ინოვაციურ პლატფორმას 700-ზე მეტი ქართული კომპანია ენდობა, რომლებიც თვეში 500,000-ზე მეტ დოკუმენტს აწერენ ხელს. ამიერიდან, Signify-ის გადაწყვეტას უფრო მეტი ბიზნესი გამოიყენებს, რადგან Proxima Solutions-მა ის Odoo-ს ERP-სისტემაში ჩააშენა. 

ქართული ბიზნესის გაციფრულება Proxima Solutions-ის გუნდმა თერთმეტი წლის წინ დაიწყო, რა დროსაც არცერთი პროექტი არ ჩაუგდია. ახლა კი, კომპანია ახალ ეტაპზე გადადის, რათა ციფრული სერვისები ბიზნესისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. შედეგად მივიღეთ ინტეგრაცია, რომელიც კომპანიაში დოკუმენტბრუნვას ალაგებს, ბიუროკრატიას ამცირებს და ხელმოწერის პროცესს ღილაკზე თითის ერთ დაჭერამდე ამარტივებს. 

“უკვე რამდენიმე წელია, რაც Proxima Solutions-ის გუნდი, ჩვენი მომხმარებლები და პოტენციური მომხმარებლები წარმატებით იყენებენ Signify-ის ელექტრონული ხელმოწერების სერვისს, რაც კომფორტულია და ხელმოწერის პროცესს რამდენიმეჯერ აჩქარებს. გადავწყვიტეთ, ეს კომფორტული სერვისი მეტად კომფორტული გაგვეხადა, რისთვისაც Odoo Enterprise-ში Signify-ის მოდული ჩავაშენეთ, რომლითაც ჩვენს მომხმარებლებს Signify-ის სერვისების მიღება სისტემიდან გაუსვლელად შეუძლიათ”, — აღნიშნავს Proxima Solutions-ის დამფუძნებელი, თენგიზ ამურველაშვილი. 

ამჟამად Odoo ბიზნეს-სისტემების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური მოთამაშეა, რომელიც 6,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. რაც მთავარია, Odoo-ს სერვისებს ყოველთვიურად 16,000-ზე მეტი კომპანია და 15 მილიონი მომხმარებელი იყენებს, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა: Toyota, Decathlon-ი, Louis Vuitton-ი და Carrefour-ი. Odoo-ზე გლობალური ბაზრის 15% მოდის და ის სწრაფი ტემპით იზრდება. 

“ჩვენი პარტნიორი კომპანიის, Proxima Solutions-ის დახმარებით, კლიენტები, რომლებიც Proxima Solutions-ის მიერ დანერგილ Odoo-ს ERP-სისტემას იყენებენ, Signify-ის პროდუქტზე წვდომას ყოველგვარი დამატებითი ინტეგრაციის გარეშე მიიღებენ. თანამშრომლობის შედეგად, რთული და შრომატევადი პროცესი ღილაკზე ერთმა დაჭერამ ჩაანაცვლა. Signify-ში და Proxima Solutions-ში გვჯერა, რომ პროცესები აუცილებლად უნდა გაციფრულდეს და ეს მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა მოხდეს, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი — მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაა”, — ამბობს Signify-ის გენერალური დირექტორი, ზვიად წოწკოლაური. 

Odoo Enterprise-ი მძლავრი და ყოვლისმომცველი ERP-სისტემაა, რომელიც იმ კომპანიებს სჭირდებათ, სადაც უამრავი კომპლექსური პროცესის ცენტრალიზებულად მართვის საჭიროება დგას. Proxima Solutions-ის მიერ Signify-ის მოდულის Odoo-ში ჩაშენებით, მომხმარებელს ეკოსისტემიდან გასვლა აღარ უწევს, რადგან ხელმოწერის პროცესის დაწყება უშუალოდ სისტემაში შეიძლება, Signify-ის ყველა არსებული სიკეთის გამოყენებით. თან, ეს ყველაფერი ღილაკზე თითის ერთხელ დაჭერითაა შესაძლებელი. 

“Odoo Enterprise-ი განკუთვნილია იმ საშუალო და დიდი ზომის კომპანიებისთვის, რომელთაც კომპლექსური ბიზნესპროცესების აღრიცხვის და ბევრი დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობა აქვთ. Proxima Solutions-ის მიერ Odoo-ში Signify-ის ინტეგრაცია ჩვენს მომხმარებლებს ბიზნესპროცესების აღრიცხვის და ელექტრონული ხელმოწერის პროცესს დააჩქარებს”, — აღნიშნავს თენგიზ ამურველაშვილი. 

როგორც Signify-ში ამბობენ ამ ტიპის ინტეგრაციები ბიუროკრატიული პროცესების გამო ხშირად დროში იწელება, მაგრამ Proxima Solutions-ის ჩართულობით ის რეკორდულ დროში განხორციელდა. 2024 წელს Proxima Solutions-ი Odoo-ს Ready პარტნიორი გახდა და დღეს, Odoo-ს პარტნიორებს შორის სერტიფიკატების რაოდენობით დეველოპერული კომპანიების 1%-ში შედის. ბელგიური Odoo-ს ნოუჰაუ საქართველოში სწორედ Proxima Solutions-ის გუნდის დახმარებით შემოდის. 

“თუ შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პარტნიორობით მომხმარებელს დამატებითი სარგებელი შევუქმნათ, მაშინ თანამშრომლობა აუცილებლად უნდა დავიწყოთ — ეს არის იდეა, რომლისაც გვჯერა. გამოვიდა ისე, რომ ამ იდეის Proxima Solutions-ის გუნდსაც სწამს, რამაც თანამშრომლობა გაამარტივა. Signify ბევრ სისტემასთანაა ინტეგრირებული, მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც მოლაპარაკებებს და ინტეგრაციას დიდ დროს ანდომებენ, მაგრამ Proxima Solutions-ის შემთხვევაში პროცესი ისე სწრაფად დამთავრდა, რომ მის შესახებ მხოლოდ დასრულების შემდეგ გავიგეთ. მჯერა, რომ ინტეგრაციის შემგომი პერიოდი ასეთივე წარმატებული იქნება”, — აღნიშნავს ზვიად წოწკოლაური. 

Proxima Solutions-ის და Signify-ის თანამშრომლობა ერთგვარი ნიშანსვეტია ქართული ბიზნესისთვის, რადგან ასე, ქართული ინოვაცია გლობალური პროდუქტის ნაწილად იქცა, რაც საქართველოს სახელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუთქვამს.