რა უნდა იცოდეთ ERP-ის დანერგვისას და როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი სისტემა?

ბიზნესის ზრდა-განვითარებისთვის კომპანიების არსენალში წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი სწორად შერჩეული და ეფექტიანად დანერგილი ERP (Enterprise Resource Planning) სისტემაა. ამ ტიპის პლატფორმა კომპანიას საშუალებას აძლევს, ძირითადი პროცესები ერთ სისტემაში გააერთიანოს და გადაწყვეტილებები რეალურ დროში, სანდო მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს. თუმცა იმისთვის, რომ ERP-სისტემა კომპანიის სტრატეგიულ უპირატესობად იქცეს, შერჩევის და დანერგვის პროცესში მენეჯმენტმა რამდენიმე კრიტიკული საკითხი უნდა გაითვალისწინოს. 

1. რეალური საჭიროებების შეფასება

ERP-სისტემის ინტეგრაციის წარმატება ბიზნესის მოთხოვნების სწორი შეფასებით იწყება. სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელ სისტემას აარჩევთ და ვინ იქნება თქვენი დეველოპერული პარტნიორი, პირველ რიგში, უნდა გააანალიზოთ თქვენი კომპანიის მოთხოვნები. განიხილეთ როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზაცია დღეს, რა პროცესებია ყველაზე მნიშვნელოვანი, სად არის დაბალი ეფექტიანობა ან გაუმჭვირვალობა და რომელი პროცესები საჭიროებს ავტომატიზაციას.

სამწუხაროდ, ხშირად კომპანიები ERP-ის დანერგვას ზედაპირული ანალიზის საფუძველზე იწყებენ და საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ვერ პასუხობს მათ რეალურ საჭიროებებს. 

ყველასათვის იდეალური სისტემა არ არსებობს, თუმცა არსებობს თქვენზე მაქსიმალურად მორგებული სისტემა და ფუნქციონალი, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურად თქვენთვის შეიქმნას.

2. ბიუჯეტის განსაზღვრა და ხარჯების სწორი დაგეგმვა

ERP-სისტემის დანერგვა, როგორც წესი, კომპანიის მხრიდან ხარჯების გაღებას მოითხოვს. ეს ინვესტიცია მოიცავს არა მხოლოდ ლიცენზიის ან სისტემის შეძენის საფასურს, არამედ მთელ რიგ თანამდევ სერვისებსაც, მათ შორის: კონფიგურაციას, დანერგვას, უნიკალური მოდულების შექმნას, პერსონალის გადამზადებას, მონაცემთა მიგრაციას, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და პერიოდულ განახლებას. ხშირად კომპანიები ფინანსების არასწორი გათვლის და გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, ბიუჯეტს მიღმა რჩებიან და პროექტს ვერ ასრულებენ ან ERP-სისტემას სანახევროდ ნერგავენ. შესაბამისად, აუცილებელია არა მხოლოდ საწყისი ინვესტიციის გათვალისწინება, არამედ მთელი პროექტის სიცოცხლის ციკლის ხარჯების გათვლა, რაც რამდენიმე წელიწადს მოიცავს, რადგან სწორად დანერგილ ERP-სისტემას კომპანიები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ.

3. სისტემის ფუნქციონალი და დანიშნულება

ბაზარზე მრავალი ERP-სისტემაა წარმოდგენილი: ზოგიერთის ფუნქციონალი ჩაკეტილი და წინასწარ განსაზღვრულია, ზოგი კი მაქსიმალურ მოქნილობასა და პერსონალიზაციას გვთავაზობს. სწორი არჩევანის გასაკეთებლად უნდა შეაფასოთ, რამდენად მარტივად ერგება კონკრეტული სისტემა თქვენი ბიზნესის სპეციფიკას, არსებული პროცესების ლოგიკას და სამომავლო ზრდის გეგმებს, მაგალითად: თუ თქვენი კომპანია გაფართოებას, ფილიალების გახსნას ან ახალი ბიზნესმოდელის დამატებას გეგმავს, სისტემამ უნდა შეძლოს მასშტაბირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ადვილად მისაერთებელი მოდულები უნდა ჰქონდეს და ცვლილებას უნდა დაექვემდებაროს.

4. პარტნიორი კომპანიის გამოცდილება და მომსახურების ხარისხი

მართალია, თავად ERP-პლატფორმის სწორად შერჩევა აუცილებელია, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია იმ ტექნიკური გუნდის შერჩევა, ვინც ამ სისტემის დანერგვას გაუძღვება. არასწორად დანერგილმა ERP-სისტემამ შეიძლება არათუ სარგებელი არ მოიტანოს კომპანიას, არამედ დააზიანოს ბიზნესის ოპერაციული სტრუქტურა. სწორედ ამიტომ სანდო, გამოცდილ და სერტიფიცირებულ პარტნიორთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის წარმატებისთვის, ასევე ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.

5. ცვლილებების მართვა და თანამშრომელთა ჩართულობა

ERP-სისტემის დანერგვა არ ნიშნავს კომპანიაში მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირებას. ეს ნიშნავს ორგანიზაციულ ცვლილებას, რომელიც ყველა თანამშრომელს ეხება. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია სწორად დაგეგმოთ ცვლილებების მართვის სტრატეგია: გადაამზადოთ გუნდი, ჩართოთ ისინი პროცესში, მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და შეცვალოთ სამუშაო კულტურა. ERP-სისტემის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს თანამშრომლები ახალ სამუშაო გარემოში. ეს პროცესი საჭიროებს დროს, მოთმინებას და სწორ კომუნიკაციას, რაც კომპანიებს ხშირად ავიწყდებათ.

საერთო ჯამში, ERP-სისტემის შერჩევა და დანერგვა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რეალურად, ეს არის ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. თუ ამ პროცესს სიღრმისეულად, სტრატეგიულად და გამოცდილი პარტნიორის მხარდაჭერით მიუდგებით, მაშინ სწორად შერჩეულ ERP-სისტემას კომპანიის ტრანსფორმირება და მისი ეფექტიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია.

თუ გსურთ, რომ ERP-სისტემის შერჩევის პროცესში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, ბიუჯეტი ზუსტად განსაზღვროთ, თქვენზე მორგებული ფუნქციონალი მიიღოთ, სირთულეები თავიდან აირიდოთ და თქვენი ბიზნესის ტრანსფორმაცია წარმატებული იყოს, მაშინ Proxima Solutions-ის გუნდს უნდა მიმართოთ, რომლის გამოცდილება, ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ირჩევენ უმსხვილესი ქართული და საერთაშორისო კომპანიები მას ტექნოლოგიურ პარტნიორად.